ნებისმიერ "კარგო" გადამზიდავს საშუალება ეძლევათ თავად შეავსონ სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბაზრობების („ლილო,'' "ისანი," „ელიავა") და სავაჭრო ცენტრების გამყიდველები, რომლებიც საქონელს იძენენ შემდეგ ქვეყნებში - თურქეთი, ჩინეთი, ირანი, დუბაი - ტვირთის შემოტანას ახორციელებდნენ გადამზიდველების მეშვეობით.
გადამზიდველის ძირითადი ფუნქცია იყო ექსპორტიორ ქვეყანაში შეეგროვებინა ზემოთ მითითებული ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების გამყიდველების ტვირთი ერთ სატრანსპორტო საშუალებაში, ჩამოეტანათ საქართველოში - საბაჟო ტერიტორიაზე და დახმარებოდნენ მათ საქონლის დეკლარირებაში. ასე ხდებოდა 2011 წლის სექტემბრამდე.
2011 წლის სექტემბრიდან, „საქართველოს ფოსტამ" გამოაცხადა ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ, მისივე ქოლგის ქვეშ მყოფ, რამდენიმე გადამზიდავთან გააფორმა ხელშეკრულება - თურქეთიდან, დუბაიდან, აზერბაიჯანიდან და ჩინეთიდან კარგო საქონლის ერთობლივად გადმოზიდვის შესახებ. ხელშეკრულების მიღმა დარჩა კარგო გადამზიდავების უმეტესობა - ისინი ვერ ახორციელებდნენ საქონლის შემოტანას, რამაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს ფოსტის ხელშეკრულების გარეთ დარჩენილი გადამზიდავები მოვიდნენ გეზში და გაფორმება დაიწყეს გეზის ფორმატით, 5 დღიანი გადავადების გარეშე.
ახალი ფორმატის მიხედვით, , ნებისმიერ კარგო გადამზიდავს საშუალება ეძლევა აწარმოოს აღნიშნული საქმიანობა და თავად შეავსოს სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, თუ ის დააკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ პირობებს.
„ზოგადად ეს პირობები გულისხმობს იმას, რომ „კარგო გადამზიდავი", როგორც საქართველოს ორგანიზაცია იღებს ასეთი ტიპის საქმიანობისთვის შემოსავლების სისტემაში დაშვების უფლებას. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამომგზავნ ქვეყანაში დაახარისხოს საქონელი კონკრეტული იმპორტიორის მიხედვით. თითოეულ ასეთი „შეკვრაზე" მოახდინოს მარკირება სპეციალური შტრიხ-კოდებით, დატვირთოს ისინი სატრანსპორტო საშუალებაში, შემოსავლების სამსახურის სერვერზე, წინასწარ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით, გამოაგზავნოს ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საქონელზე, სპეციალურ სატვირთო საბაჟო დეკლარაციები თითოეული იმპორტიორის მიხედვით ცალ-ცალკე. ყოველ ასეთ დეკლარაციაზე, შემოწმებისა და გადასახადების გაანგარიშების შემდგომ, სისტემა უბრუნებს გადამზიდავს ინფორმაციას მათი რეგისტრაციის ნომრის მინიჭების შესახებ. გადამზიდავი ვალდებულია თითოეული ინვოისი ელექტრონული ფორმით, კანონით განსაზღვრული ვადით შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონულად წარუდგინოს ის შემოსავლების სამსახურს"- განმარტავს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.
სატრანსპორტო საშუალების ჩამოსვლის შემდეგ, სპეციალური პროგრამული რისკ მოდულის საშუალებით, სისტემა განსაზღვრავს გაიხსნას თუ არა სატრანსპორტო საშუალება მებაჟის თანდასწრებით, ასევე შემოწმდეს მთლიანად თუ რომელიმე კონკრეტული შეკვრა. დასასრულს, სისტემა ელექტრონულად იძლევა დასტურს (დეკლარაციას ენიჭება „გაშვების" „A" ნომერი) საქონლის განკარგვაზე.