1-ელი იანვრიდან არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პროდუქციის მარკირება მოუწევთ. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების თანახმად უკვე შევიდა.
ბრძანების თანახმად, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ექვივალენტი ლარებში.
დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროდუქციის თვითღირებულების 1 თეთრით გაძვირება პროდუქციის მინიმუმ 5 თეთრით გააძვირებს. რაც შიდა და საექსპორტო გაყიდვებზეც უარყოფითად აისახება, შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც.
„ფასის ელასტიურობის ფორმულის" თანახმად, პროდუქციის 5%-ით გაძვირება რეალიზაციის 14 %-ით შემცირებას იწვევს. შესაბამისად, მოხდება 14%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება, მნიშვნელოვნად შემცირდება დღგ-სა და საბაჟო გადასახადისგან მიღებული შემოსავლები, და რაც ყველაზე მთავარია - მეწარმეები იძულებულნი იქნებიან იგივე მოგების მარჟის შესანარჩუნებლად დასაქმებულთა რაოდენობაც შეამცირონ.
ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებიდან სულ მალე, ფუფუნების საგნად იქცევა წყალი და უალკოჰოლო სასმელები, "ზედაზენი", "ბორჯომი," „ზანდუკელი", "რაჭის წყაროები", "ნაბეღლავი," "კოკა-კოლა," "პეპსი," "საირმე", "სნო", "ნატახტარის ლიმონათი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად გაძვირდება. და, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.