საპარალამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე მძიმე მოვლენებითა და აქტიურობებით გამორჩეულია, ვინაიდან დღეს ზეწოლა მოხდა ქვეყანაში სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე.
"დღევანდელი დღე ძალიან გამორჩეულია, როგორც ჩანს, მძიმე მოვლენებითა და აქტიურობებით. დღე დაიწყო იმ ინფორმაციით, რომ გაირკვა: კუდის თანამშრომლები სასამართლოს თანამშრომელს აიძულებდნენ, პირდაპირ ეთვალთვალა მოსამართლეებისთვის. ამას მოჰყვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება დასაკითხად. ამას მოჰყვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული თავისუფალი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება და ამას მოჰყვა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება პარლამენტის წევრების, საპარლამენტო უმცირესობის მიმართ, მაშინ, როდესაც იყო ფრაქციის შეკრება პარტიის ოფისში. იყო ოფისში შემოჭრის მცდელობა და დეპუტატებთან ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა", _ განაცხადა ბაქრაძემ და პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი განცხადებისთვის, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთეთ. დღევანდელი დღის ყველა მოვლენის გათვალისწინებით - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება, ტელეკოპანიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება, ოპოზიციის ნაწილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება - უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ დღეს ვიკრიბებით უმცირესობის საგანგებო სხდომაზე, ამიტომ ახლა დავტოვებთ დარბაზს, გადავინაცვლებთ უმცირესობის ფორმატით, იმიტომ, რომ ის რაც დღევანდელ დღეს მოხდა ქვეყანაში - სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე პირდაპირი ზეწოლა - არის უკიდურესად საგანგაშო", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხმაურით დასრულდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქუთაისის საკრებულოს წევრებთან. შეხვედრიდან გამოსულ სააკაშვილსა და უმცირესობის წევრებს აქციის მონაწილეები დახვდნენ, რომლებიც დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ესკორტმა შეხვედრის ადგილი დატოვა, აქციის მონაწილეებმა იერიში აკაკი მინაშვილზე მიიტანეს. მერიის წინ მომიტინგეთა ჯგუფი სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იყო შეკრებილი. საკმაოდ მწვავე ინციდენტი მოხდა ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც სააკაშვილი ხვდებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის ესკორტს ქვები დაუშინეს.