2012 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იყო მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ხოლო აშშ-ს მხრიდან კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ანდერსენი და სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ბიზნესის საქმეთა ბიუროს ორმხრივი ვაჭრობის საკითხთა ოფისის დირექტორი რობერტ მანო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და სხვა შესაძლებლობები; საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო გზის პოტენციალი; ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, აგრეთვე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობის თემები.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა რჩება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ასპექტად.