უამინდობის გამო რეგიონებში ელექტროენერგიის მოსალოდნელ გათიშვას "ენერგო-პრო ჯორჯია" მომზადებული ხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, რეგიონალურ ფილიალებში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ მორიგე გამსვლელი ბრიგადები.
"ამ დროისთვის ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება. თუმცა მეტეოროლოგიური პროგნოზის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. ამის გათვალისწინებით, "ენერგო-პრო ჯორჯია" მზადყოფნაშია უამინდობით გამოწვეული გათიშვების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად ოპერატიულად, მოახდინოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს აბონენტებს ელექტროენერგია", - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აბონენტების შეუფერხებელი ენერგომომარაგების მიზნით, რეგიონების მასშტაბით ელექტროქსელის სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, აშენდა და გარემონტდა მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურები, განახლდა მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციები, ძველი კაბელები შეიცვალა ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი კაბელებით, ამორტიზირებული ხის ელექტრობოძები ჩანაცვლდა რკინა-ბეტონის ბოძებით, აშენდა ახალი გადამცემი ხაზები, მნიშვნელოვანი რეაბილიტაციები ჩატარდა ენერგოინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საავარიო შემთხვევების ალბათობა და გაიზარდა ქსელის საიმედოობა.