ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სირიის კონფლიქტის მოგვარების საკუთარი გეგმა წამოაყენა. ირანის ინიციტივა ექვსი პუნტქისაგან შედგება და ძალადობის სრულად შეწყვეტას მოსახლეობის მიმართ, სირიისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, უცხო ქვეყნების მხრიდან სირიის საშინაო საქმეებში ჩარევაზე უარის თქმას, ეროვნული დიალოგის დაწყებას და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია, ჯერჯერობით, არ გამოუთქვამს აშშ-ს ადმინისტრაციას.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა, 1979 წლის შემდეგ გაცივდა, როდესაც აიათოლა ჰომეინის რადიკალურად განწყობილმა მხარდამჭერებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თეირანში შტურმით აიღეს და მძევლად 52 თანამშრომელი აიყვანეს. ათეული წლების შემდეგ, ამერიკულმა მედიამ სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ საელჩოზე მოიერიშეებს შორის, იმ დროისათვის სულ ახალგაზრდა მაჰმუდ აჰმადინეჯადიც იყო, რომელიც დღეს ისლამური რესპუბლიკის პირველი პირია და წლების წინ აღებულ კურსს, რაც დასავლეთთან ნეგატიურ ურთიერთობას გულისხმობს, კვლავ არ ღალატობს.
ისლამური რევოლუციის შემდეგ, ორ სახელმწიფოს შორის განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა, 90-იანი წლების მიწურულს, ირანის ხელისუფლებაში შედარებით ლიბერალური ძალების მოსვლის შემდეგ, თითქოს უკეთესობისკენ წავიდა, თუმცა, ირან-აშშ-ის ურთიერთობა ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტად არჩევის და განსაკუთრებით, ირანში აჰმადინეჯადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კვლავ გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ობამას პერიოდში, ვაშინტონ-თეირანის ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებები მოხდა, რიტორიკა კვლავ ძველებურად გრძელდება. ირანს კვლავ არ სურს ბირთვული პროგრამის შეჩერება.
უკანასკნელ წლებში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ირანის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის გზებზე. ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც კი პროგნოზირებს, რომ ეს გახდება ცივილიზაციათა შეჯახების და მესამე მსოფლიო ომის დაწყების სტიმულატორი. თავად პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმისთვის საფუძველი, ხოლო ისრაელს - ძალები არ ეყოფა, ამიტომ ირანის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა, ნაკლებად სარწმუნოა.
ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ყველა რესურსი მოსინჯა ირანზე თავდასხმისათვის. სიტუაციის მსგავსი სცენარით განვითარების შესახებ, სხვადსხვა ექსპერტები არაერთხელ საუბროდნენ. ვრცელდებოდა და კვლავ ვრცელდება ცნობები, გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიას, საამისოდ მოქმედების გეგმა შემუშავებული აქვს, ისრაელის არმიასთან კორდინაციაში.
სირიის კონფლიქტსაც, ბევრი ექსპერტი, დღემდე ამ კუთხით განიხილავს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თეირანის მოკავშირე სირიის მოვლენები სწორედ ირანის იზოლაციისა და მისი მდგომარეობის გაუარესებისაკენ არის მიმართული, თუმცა, ექსპერტთა მეორე ნაწილი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მოვლენების ესკალაციას ბაშარ ასადის ხისტი პოლიტიკით ხსნის, რამაც ქვეყანაში პროცესები უმართავი გახადა.