პოლიტოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ "რუსეთი იცვლება, შესაძლოა, პუტინის წყალობითაც კი. მისი თქმით, რუსეთის დაახლოება დასავლეთთან გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყველაფერს ჩინეთთან წააგებს. თავის პროგნოზებს პოლიტოლოგი "ისტორიულ ოპტიმიზმს" უწოდებს.
"ჩემი აზრით, პუტინმა თვითონ გაიხადა თავი რაღაც დოზით იმპერიული ნოსტალგიის მძევალი. იგი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც არის იდეის ერთგული იმის შესახებ, რომ რუსეთის სიდიადე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით შეძლებს მოსკოვი თავისი ჰეგემონიის გაცოცხლებას, გაძლიერებასა და აღდგენას ყოფილ საბჭოთა თუ რუსეთის იმპერიის ტერიტორიის სივრცეზე. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული პრობლემა - ისტორიული ხედვის პრობლემა. რუსეთს მსგავსი აზრებითა და პრიორიტეტებით ძალიან გაუჭირდება ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების ფართო სპექტრის გადაწყვეტა", - აცხადებს ბზეჟინსკი და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და აშშ მას აღარ განიხილავს, როგორც მტერს.
"მართალია, არსებობს პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში რუსეთთან, მაგრამ ეს პრობლემები არ მოწმობს სტრატეგიულ ან ისტორიულ მტრობას ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე დამოკიდებულება აქვს მეორე მხარესაც, განსაკუთრებით კი - პუტინს. რუსეთი სუვერენიტეტის შენარჩუნების პრობლემის წინაშე დგას. ჩემი პროგნოზი ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდზე - ოპტიმისტურია: დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი იცვლება, შესაძლოა, პუტინს ნების საწინააღმდეგოდ კი არა სწორედ მისი წყალობით. ხოლო მას შემდეგ, რაც პუტინი სცენიდან წავა, ცვლილებების პროცესი მნიშვნელოვანწილად დაჩქარდება. მე არ შემიძლია ვარაუდები გამოვთქვა იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში აპირებს დარჩეს პუტინი პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ რატომღაც სუბიექტური გრძნობა მეუფლება იმისა, რომ პუტინი თავად მიდის პოლიტიკიდან - მე მას უკვე ვეღარ აღვიქვამ იმ თვითდაჯერებულ, ენერგიულ და ახალგაზრდა ლიდერად", - აცხადებს ბზეჟინსკი.
მისი თქმით, დღეს რუსეთი დიდი დილემის წინაშე დგას. მას მიაჩნია, რომ რუსეთის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ხვდება იმას, რომ ხელისუფლების ასეთი ფორმულა ვერ უზრუნველყოფს რუსეთისთვის ლიდერის პოზიციას მსოფლიო არენაზე და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ქვეყანაში შფოთავს ქვეყნის მომავლის გაურკვევლობაზე.
"ჩემი აზრით, დღეს სიტუაციას რუსულ საზოგადოებაში განსაზღვრავს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: პირველი - უკიდურესი ნაციონალიზმის აფეთქება, რომლის გამოვლენასაც ვხედავთ ქუჩებში, დემონსტრაციებზე და ასევე პოლიტიკაში, სხვათა შორის ამას პირადად პუტინი უშვებს. ეს მოძრაობა მოიცავს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. გარკვეულწილად, რუსული ნაციონალიზმის მიზეზები ახსნადია - 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის რუკებზედაც კი არ იყო მონიშნული. საბჭოთა კავშირი სოციალისტური რესპუბლიკების გაერთიანება იყო, რუსეთი კი რესპუბლიკაც კი არ იყო. და აი ახლა ჩვენ ვხედავთ, რუსული ნაციონალიზმის აფეთქებას; მეორე მხრივ - მსხვილ ქალაქებში იზრდება ნაციონალისტური საზოგადოებისგან სრულიად განსხვავებული საზოგადოებრივი ფენა - საშუალო კლასი. ამ ადამიანთა უმეტესობა კოსმოპოლიტურია. ისინი რაციონალურნი არიან და მსოფლიოს ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებიან. მრავალი მათგანი განათლებას საზღვარგარეთ იღებს და მათ საზღვარგარეთ საცხოვრებელიც აქვთ. მრავალი მათგანი დანაზოგს საზღვარგარეთ ინახავს. მიმაჩნია, რომ ეს ორი ტენდენცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება", _ აცხადებს ექსპერტი და საუბარს ევრაზიულ კავშირზე აგრძელებს.
"მოკლევადიან პერსპექტივაში ნაციონალისტურმა ტენდენციამ, შესაძლოა, იმპულსი მისცეს ისეთ იდეებს, როგორებიც არის ევრაზიული კავშირი, მაგრამ თუ საკითხებს რეალურად შევხედავთ - ვის მოუნდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება? არა მგონია, სია გრძელი იყოს. ყაზახეთი ნაზარბაევით სათავეში? ძალიან საეჭვოა. ის ისედაც ძალიან კარგად მანევრირებს რუსეთს, ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. კარიმოვი და უზბეკეთი? კიდევ უფრო ნაკლები შანსია - უზბეკეთი ძალიან მყარად დგას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხებში. რა ხდება იანუკოვიჩთან? - იქ იყო მრავალდაპირებითი შანსი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იანუკოვიჩი და მისი ფინანსური სპონსორები უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან საკუთარი ტერიტორიის იდენტიფიკაციაში, ზუსტად ისე, როგორც ბანდა. მათ არ უნდათ, რომ სხვა ბანდამ მათი ტერიტორია დაიკავოს. ისინი ეუბნებიან რუსეთს: ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ ეს ჩვენი ტერიტორიაა და მხოლოდ ჩვენ გვაქვს უფლება ვიპაროთ და მოვატყუოთ ამ ზონაში - ეს ჩვენია და არა თქვენი. სწორედ ეს განსაზღვრავს ჰეგემონიის შესახებ დისკუსიის ტონს პუტინის რეჟიმის დროს. ლუკაშენკო დაახლოებით მსგავს პოზიციაშია, თუმცა მისი ხელყოფა უფრო იოლია", - აცხადებს იგი.
მისივე განცხადებით, საქართველო ხდება რუსეთთან კავშირის შესაძლო კანდიდატი, რაც მას შეიძლება აშშ-ის მეგობრობა ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე დაუჯდეს. და ეს მხოლოდ ნაწილია რუსეთის წინაშე არსებული პრობლემებისა. ისინი გაცილებით მეტია.
"მთავარი, რაც რუსეთში უნდა გაიგონ - აყვავებისა და წარმატებისთვის მას დასავლეთთან დაახლოება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყველაფერს ჩინეთთან წააგებს. დემოკრატიზაცია - ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა რუსეთის აყვავებისთვის და მე მიმაჩნია, რომ ეს უკვე პუტინის მერე მოხდება. შეგიძლიათ ეს ისტორიულ ოპტიმიზმად ჩათვალოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაახლოება გარდაუვალია და ამ დაახლოების შედეგად რუსეთი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს", _ აცხადებს ბზეჟინსკი.