პლანეტაზე ბირთვული არსენალი კვლავინდებურად ძალიან მაღალია და არის ალბათობა იმისა, რომ XXI საუკუნის შეიარაღებაში ახალი შეჯიბრება დაიწყოს, - განცხადება ამის შესახებ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გაზეთ The Moscow Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მრავალი რამ არის დღეს შეშფოთების საფუძველი. ბირთვული არსენალები კვლავინდებურად ძალიან მაღალია. არც ბირთვული ცდების ჩატარების აკრძალვის შესახებ არსებული შეთანხმება შესულია ძალაში",- აცხადებს გორბაჩოვი და აღმნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ახალი ბირთვული სახელმწიფოების წარმოშობის გამო არის საფრთხე იმისა, რომ ბურთვული იარაღის გავრცელება გაგრძელებული იქნება.
"შეიარაღებაში ახალი შეჯიბრება ჩვენ თვალწინ იწყება, კვლავ წამოიწია კოსმოსური სივრცის მილიტარიზაციის საფრთხემაც", - აცხადებს გორბაჩოვი.
მისი თქმით, დაპირება იმის შესახებ, რომ არ იქნება სწრაფვა სამხედრო უპირატესობაში, რომელიც ჟენევაში გამართულ სამიტზე საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ დადეს, "ბურუსმა მოიცვა".
"მსოფლიოს სამხედრო ხარჯების თითქმის ნახევარი მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე - აშშ-ზე მოდის. ასეთი მდგომარეობა რომ გაგრძელდეს, უბირთვო მსოფლიოს მიზნის შესახებ ყველამ უნდა დაივიწყოს. და ეს იარაღი ერთხელაც გაისვრის", - აცხადებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაძლო ბირთვულ ომზე პასუხისმგებლობა კვლავინდებურად ორ ზესახელმწიფოს - აშშ-სა და რუსეთს ეკისრება.
"მივესალმები პრეზიდენტ ობამას მიერ ბოლოს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზადაა, ითანამშრომლოს რუსეთთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან, ასეთ საფუძველზე შესაძლებელია მონახო საერთო ენა და შეთანხმებასაც მიაღწიო", _ განაცხადა გორბაჩოვმა.