ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ურჩევს, ყურადღებით გადათვალოს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატები. ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგების" ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა რამადან შარიფმა განაცხადა. შარიფი აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ირანს ამერიკული უპილოტო არ ჩამოუგდია.
„ადრე თუ გვიან, ამერიკელები იძულებულები გახდებიან დაადასტურონ, რომ ეს მათი თვითმფრინავია. ახლა კი ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს გადათვალოს თავისი საფრენი აპარატები და ნახოს, ხომ არაფერი აკლია," - განაცხადა შარიფმა ტელეკომპანია „ალ-ალამთან" ინტერვიუში. გენერლის განცხადებით, ჩამოგდებულ აპარატს, რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანის ტერიტორიაზე ინფორმაციის შეკრება ჰქონდა დასახული მიზნად.
როგორც ცნობილია, გუშინ, ირანის სამხედრო მეთაურობამ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. „ალ-ალამმა" მოგვიანებით ვიდეოკადრებიც გაავრცელა, სადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგების" ოფიცრები აპარატის მოწყობილობას ათვალიერებდნენ. აშშ-ს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავი ამერიკულია.