ხვალ. 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე "ქრისტიან-დემოკრატები" "ქართული ინტერესის დასაცავად" სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა ქართულ ავიაკომპანიას სჭირდება ხელისუფლების მხარდაჭერა და საზოგადეობას მოუწოდებენ "განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად დავდგეთ ქართული ბიზნესის დასაცავად".
მისი განმარტებით, ქართული ბიზნესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებს" ესაჭიროება სახელმწიფოს მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე.
მისი განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის ერთ-ერთი ავიაკომპანიის აგრესიულ კომერციულ სტრატეგიას, რომელიც პირველი ნოემბრიდან შესაძლოა მონოპოლისტი გახდეს ისრაელში ფრენებზე და მისი თქმით, "ამ ბრუტალური კონკურენციის პირობებში ქართულ ბიზნესს სჭირდება გონივრულ ფარგლებში სახელმწიფოს პროტექცია".
"დღეს თუ არ დავიცავთ სამამულო ბიზნესის ინტერესებს მაშინ ხვალ დასაცავი აღარაფერი გვაქნება. რადგან საქართველოს ავიახაზების ინტერესები დღეს უდრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს ლალიაშვილი და ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.