"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებების გაცემას ასრულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აგრძელებს რეაბილიტაციის გეგმაში არსებული სოციალური დავალიანების გასტუმრებას შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-ის, სს "ელექტროგადაცემის" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო, სამივლინებო, საქვეანგარიშო ან საწარმოო ტრამვის პენსიის დავალიანება.
"სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-ისა და სს "ელექტროგადაცემის" სამართალმემკვიდრეა და ამ კომპანიების 1830 თანამშრომლის მიმართ დავალიანების ეტაპობრივი ანაზღაურება რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით თავის თავზე აიღო. დავალიანებების საერთო მოცულობა შეადგენდა 3 285 318 ლარს. მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დაიწყება დავალიანებების გასტუმრების მე-3 ეტაპი და გაიცემა 1 მილიონი ლარი, რაც საერთო დავალიანების დაახლოებით 33%-ს შეადგენს.
დავალიანებების გასტუმრების პირველი ეტაპი 2008 წლის ივლისში განხორციელდა და გაიცა 361 466 ლარი, რაც საერთო დავალიანების დაახლოებით 14%-ია. მეორე ეტაპი 2011 წლის დეკემბერში განხორციელდა და 1 მილიონი ლარი - დავალიანებების 33% გაიცა, მესამე ეტაპის განხორციელების შემდეგ გასაცემი დარჩება 923 852 ლარი. ამ თანხის გადახდა 2013 წლის დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი. ამით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებისადმი სოციალური დავალიანები სრულად, 100%-ით იქნება გაცემული"- აცხადებენ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში".