,,პალესტინასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია სამწუხარო მოულოდნელობა იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პალესტინის საკითხის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ისრაელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის მომხრეა.
ფუქსის განცხადებით, საქართველოს პოზიციის მიუხედავად ისრაელსა და საქართველოს შორის ურიერთობები არ შეიცვლება.
,,დამოუკიდებლობის საყოველთაო დეკლარაციით, ვერ შექმნი სახელმწიფოებს და ვერც წვლილს შეიტან რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენთვის საქართველოს პოზიცია სამწუხარო მოულოდნელობა იყო, მაგრამ შემიძლია ისიც გითხრათ, რომ საქართველოს ადმინისტრაციასთან ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის გუშინ არ დაწყებულა და არც დღეს დასრულებულა", _ განაცხადა ფუქსმა.
შეგახსენებთ, რომ პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.