ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულია თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე , - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
არჩილ კბილაშვილის თქმით, მას დღეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით) წარედგინა.
„მინდა გაცნობოთ იმ საქმეების შესახებ, რომელიც გახსნილია და საზოგადოებას მათდამი მომეტებული ინტერესი გააჩნია. პირველი ასეთი საქმე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობაა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „BMW"-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა, რომელსაც კახაბერ აზარაშვილი მართავდა. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე. აღნიშნული პირები ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბუტა რობაქიძე მოკლა. ამ დანაშაულისთვის გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის. ბუტა რობაქიძის მეგობრებს შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდა. გამოძიებამ მათგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია. გვინდა, ვამცნოთ საზოგადოებას, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე ზემოხსენებულ ახალგაზრდებს წაუყენეს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისაგან თავის არიდების მიზნით დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად საპატრულო პოლიციის 2 მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე თავად მიიტანა. ამის შემდეგ მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით შემთხვევის ადგილზე დაალაგეს. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს „კალაშნიკოვის" სისტემის იარაღი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით, ხოლო სხვა პირებს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა გაუნაწილეს და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამოძიებისთვის ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცრუ ჩვენება მიეცა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა. სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ზურაბ მიქაძე. მას 30 ნოემბერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, ასევე 335-ე მუხლის პირველი ნაწილით წაეყენა. ამავე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება," - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოსო რობაქიძემ შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ და ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე.
როგორც ბუტა რობაქიძის მამამ განაცხადა, ყველანი იყვნენ ადეიშვილის წნეხის ქვეშ და ეს მას პირადად უთხრა გამომძიებელმა ირაკლი წერეთელმა.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან მოკლეს. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე გამოტანილი იქნა განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ადვოკატის განცხადებით, მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება და აქედან გამომდინარე, ისინი გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვენ.