თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა, ქურთისტანის მუშათა პარტიის ბანაკებზე ჩრდილოეთ ერაყში, მასირებული დარტყმები განახორციელეს. რეიდის დროს, დაიბომბა საზენიტო დანადგარები, თავშესაფარი და სეპარატისტების ინფრასტრუქტურა. ოპერაცია მოიერიშე ბომბდამშენების, F-16-ების მეშვეობით განხორციელდა, რომელიც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეორე ტაქტიკურ სამეთაურო ქვედანაყოფს ეკუთვნის და დიარბექირის პროვინციაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზეა დისლოცირებული.
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლთა ობიექტებზე იერიში, ჩრდილოეთ ერაყში, რამდენიმე დღის წინაც მიიტანეს. მედიის ინფორმაციით, განადგურებულ იქნა ტექნიკა და საზენიტო დანადგარები.
შეგახსენებთ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას 1984 წლიდან აწარმოებს. მისი მიზანი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა. ამ პერიოდში, ორგანიზაციის მსხვერპლი 45 ათასი ადამიანი გახდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.