რუსეთში, პრეზიდენტ პუტინის ახალგაზრდა მხარდამჭერებმა, მორმონების შეკრებების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს. მორმონების ეკლესიას ისინი "ავტორიტარულ სექტას" უწოდებენ, რომელიც, მათი განცხადებით, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არის მართული.
საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას იღებდა "ახალგაზრდა გვარდია" - პუტინის პარტია "ედინაია როსიას" ახალგაზრდული ფრთა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათ ქმედებებს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ, მით რომნისთან, რომელიც მორმონია. ცნობილია, რომ რომნმა რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების "ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი" უწოდა.
ახალგაზრდების განცხადებით, ისინი ხელმძღვანელობენ პუტინის ბრძანებით, რომელითაც კრემლის მეთაურმა სამართალდამცავ ორგანოებს "ტოტალიტარული სექტების" საქმიანობის კონტროლისაკენ მოუწოდა. " რადიკალი ახალგარზრდა რუსები, როგორც ჩანს, აღაფრთოვანა პრეზიდენტის გამოსვლამ და გადაწყვიტეს, რომ მორმონებს და სხვა "სექტებს" "მეტი ყურადღება მიაქციონ" და საზოგადოებაც დააინტერესონ "პრობლემით". რუსები მორმონების სახლთან მოსკოვში შეიკრიბნენ პლაკატებით, "არა ტოტალიტარულ კულტებს!" და "ცსს - ფუ!"
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,უკანასკნელ პერიოდში მორმონების რაოდენობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, თუ 1990-იან წლებში მათი რიცხვი სულ რამდენიმე ასეულს შეადგენდა, ამჟამად ამ რელიგიური მიმართულების მიმდევართა რაოდენობა 22 000-სს აღწევს. მორმონებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რუსეთის ხელისუფლება და ეკლესია სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის, რის გამოც ისინი დასავლეთის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებიან.