მენეჯმენტ კომპანია „დექსუს"-მა „ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი შეჩერებული პროექტის მშენებლობა განაახლა. საცხოვრებელ-კომერციული კომპლექსი "მარიჯანი" მდებარეობს ვ. ფშაველას ძეგლთან საბურთალოზე. შენობა 13 სართულიანია და 9 სადარბაზოს აერთიანებს. გააჩნია საკუთარი ავტოსადგომი. კომპლექსის საერთო ფართი 35,300 კვ.მ.-ია, სადაც 400-ზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართია განლაგებული. პროექტ „მარიჯანის" მშენებლობა „ცენტრ პოინტმა" ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობა მალევე შეჩერდა. ობიექტი 164 (116.24კვ.მ) საცხოვრებელ ბინასა და 245 (8 414კვ.მ) კომერციულ ფართს აერთიანებს.. მენეჯმენტ კომპანია „დექსუსი"-სთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში, ეს უკვე 20-ე განახლებული ობიექტია. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 2013 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.
ამ პროექტის დასრულების შემდეგ, კუთვნილ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს 400-მდე მობინადრე მიიღებს. საცხოვრებელ-კომპლექსს „მარიჯან"-ზე სამშენებლო სამუშაოები „დექსუსმა" 2012 წლის ივნისში წამოიწყო, თუმცა ობიექტის განახლება ოფიციალურად დღეს გამოცხადდა. მარიჯანის სამშენებლო სამუშაოების განახლების პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლები მობინადრეებს შეხვდნენ და მათ პროექტის და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დეტალები გააცნეს.
კომპანია "დექსუსი" ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის პროცესს, ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, 2010 წლიდან ახორციელებს. ამ დროისათვის უკვე დასრულებულია 13, ხოლო განახლებულია 20 ობიექტი, 2190 ოჯახის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებულია და საერთო ჯამში აშენებულია 200.000 კვ.მ ფართი.