"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ყველანაირი საშუალება, რომ რუსეთთან დავილაპარაკოთ",_ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია "ქართული ოცნების" კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელი გია ვოლსკი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, პირობა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი იყოს საქართველოსათვის მისაღები არ არის.
"უმჯობესია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არ იდგეს დღის წესრიგში, ვიდრე იმ პირობაზე დათანხმება, რომ დამოუკიდებლობა ხელშეუხებლად დარჩეს. ეს ჩვენთვის მისაღები არ არისმაგრამ თუ იქნება ის პირობა, რომ "ამ თემას" ჯერ-ჯერობით ნუ შევეხებით უნდა ჩვენც მოვინდომოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა გვქონდეს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვოლსკი.
მისივე თქმით, მედვედევის მიერ გაკეთებული ერთი განცხადება ჯერ ჯერობით არ ნიშნავს, რომ ყველა მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის თუმცა, ნიშნავს იმას იმას, რომ მოლაპარაკების რაღაც წინაპირობები შეიძლება შეიქმნას.
"სწორედ მოლაპარაკების წინაპირობების შექმნა არის გამოსაყენებელი ფაქტორი. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, მათ თავისი მოთხოვნები აქვთ და უნდა ვეცადოთ, რომ პოზიციები დავუახლოვოთ ერთმანეთს"_ აცხადებს გია ვოლსკი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "კომერსანტთან" საუბარში საქართველოსთან დიალოგის აღდგენის პირობები დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენა შეიძლება მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.