საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შენახვა ბიუჯეტს დღეში 150 000 ლარი უჯდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში კვლავ ძალაში რჩება პრეზიდენტის, ქალაქის სამშენებლო და სხვა გაურკვეველი ხარჯების შემცირების საკითხი.
"ისევ ძალაში ვტოვბთ პრეზიდენტის, ქალაქის სამშენებლო და სხვა გაურკვეველი ხარჯების შემცირების საკითხს. ამ ხარჯების შემცირებით ჩვენ იმხელა ეკონომია გავწიეთ, რომ ამის ხარჯზე სერიოზულად ვახერხებთ სოციალური სფეროს დაფინანსებას. პრეზიდენტის შენახვა დღეში ქვეყანას 150 000 ლარი უჯდება. მხოლოდ კანცელარიის მაგალითზეც რომ გითხრათ, თუკი თვეში აქ 48 ტონა საწვავი მოიხმარებოდა, ახლა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 7,5 ტონა. თითქმით ხუთჯერ შემცირდა ხარჯები სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაშიც", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მეორე მოსმენით 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
"მესამე მოსმენა წინ გვაქვს და, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, პატარა ცვლილებები კიდევ შევიდეს, თუმცა შევთანხმდით, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული. გაცილებით სხვა ტიპის ბიუჯეტი გვექნება და მოსახლეობას ვპირდები, რომ იქნება სულ სხვა ეკონომიკა",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.