საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში კოალიცია „ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის წევრი ზვიად ხვედელიძე დააკავეს. ხვედელიძე საქართველოში ბელორუსიიდან დაბრუნდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებდა. დაკავებული გლდანის იზოლატორშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მას ადვოკატი არ ჰყავს.
ზვიად ხვედელიძე საქართველოდან 10 თვის განმავლობაში გაქცეული იყო. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელები წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ. საქართველოდან წასვლის შემდეგ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალი ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდო, გურჯაანის სასამართლომ კი 2012 წლის 12 იანვარს, დაუსწრებლად, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ხვედელიძის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა. ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხვედელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაგებულ მახეში გაება. მას ბრალად გაუპატიურების მცდელობა წაუყენეს, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი კი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია, რომელიც კუდ-თან თანამშრომლობდა.