შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წინასწარი ინფორმაცით ცნობილია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახად მის მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში შეენახა.
"ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად, ზუგდიდში მდებარე შსს-ს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შენობიდან ამოღებულია 4 ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რეგისტრირებული არც ერთი არ არის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, რომა შამათავა ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. საქმეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს.