თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული ოცნება - თბილისის" და "თავისუფლების" გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც "გუდაურის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები და ფონდის კონტრაქტორი სამშენებლო ფირმის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქმე ეხება "გუდაურის განვითარების ფონდსა" და სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან განს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას რომლის მიხედვით დაბა გუდაურში 2012 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო სასტუმროს მშენებლობა. მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 6,053,528.25 ლარი იყო.
"დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ სკანდალური ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მათ კომპანიაზე მიმდინარეობდა ზეწოლა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მშენებლობა კომპანიამ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის გარეშე დაიწყო, რაც კანონდარღვევაა. სხდომაზე მივიღეთ ბევრი ფასეული ინფორმაცია და ოპოზიციური ფრაქციები გადავწყვეტთ თუ რა სახის მსვლელობას მივცემთ ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო პროცესს"- აცხადებს ზაზა გაბუნია.ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, კომპანია "ჯორჯიან განსი" დღეის მდგომარეობით "ჯორჯიან ჯენესისის" სახელით და ახალი დირექტორის მართვის ქვეშ აგრძელებს საქმიანობას.