საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გამოძიება დაიწყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 333-ე მუხლით, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩენი ლტოლვილის ახმედ ჩატაევის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა.
გადამოწმებული ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე დაკითხა სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც, რომლებიც სპეცოპერაციის დროს საქართველო - დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე პატრულირებდნენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ კომენტარს დღის ბოლომდე გააკეთებენ.
შეგახსენებთ, საქართველო - დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი.