უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 794 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 548 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ხორბლის სასაქონლო ჯგუფმა გადმოინაცვლა 211 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6536 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ოქტომბრის დინამიკური მწკრივის მიხედვით.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზრდილია სამივე მაჩვენებელი წინა წლების შესაბამისი პერიოდების მიმართ. განსაკუთრებით დიდი ზრდაა ექსპორტში 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით (115 პროცენტი).