„საქსტატის" ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 484 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 228 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 12 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 109 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6536 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ოქტომბრის დინამიკური მწკრივის მიხედვით.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზრდილია სამივე მაჩვენებელი წინა წლების შესაბამისი პერიოდების მიმართ. განსაკუთრებით დიდი ზრდაა ექსპორტში 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით (115 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები