ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო ქართველი ექსპორტიორების დახმარებას განაგრძობს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესსაბჭოდან აცნობეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ, ევროკავშირის დაფინანსებით, ქართველი ექსპორტიორებისათვის პუბლიკაციათა ციკლის მორიგი პუბლიკაცია გამოსცა - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციის ექსპორტისათვის.
აღნიშნული პუბლიკაციის მიზანია, ქართველ მეწარმეებს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციის მაგალითზე, გააცნოს სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ექსპორტის მიმართ საქართველოსა და ევროკავშირში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტები და ხელშეკრულებები, რაც მათ ამ პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ განხორციელებული ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის მიზანია ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის საჭირო საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის, წესებისა და ნორმების შესახებ ქართველ მეწარმეთა ცოდნის ამაღლება. პროექტის ფარგლებში გამოცემული ყველა პუბლიკაცია ქართულ ენაზეა დაწერილი და თან ინგლისურ ენაზე მომზადებული მოკლე ანოტაცია ერთვის. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ქართველი ექსპორტიორებისათვის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის) სასარგებლო პრაქტიკული სახელმძღვანელოა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეებისთვის ევროკავშირთან ვაჭრობის სპეციფიკისა და მოთხოვნების უკეთ გაცნობის მიზნით სემინარიც ჩატარდება.
,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ გამოცემული პუბლიკაცია ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პუბლიკაცია ევროკავშირის რთულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს დაინტერესებულ მკითხველს მარტივი და გასაგები ენით უხსნის. ახალი მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება"- აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
„ამ პუბლიკაციის გამოცემით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო წარმატებით ასრულებს მის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას - ევროპასთან ვაჭრობის საკითხებზე ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლების ხელშეწყობას, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ქვეყანაში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია"- ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.