ბიზნესი ახალი მთავრობის უყურადღებობით უკმაყოფილოა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯომარე ფადი ასლი, „ბიზნესკურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ძველი მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობისთვის მზად იყო, ახალი კი ტელეფონის ზარებსაც კი არ პასუხობს.
„შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით.. სოციალური არასტაბილურობა, გაფიცვები - ინვესტორებისთვის ცუდი გზავნილია. საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ისინი დაფრთხებიან დეფიციტი წარმოიქმნება და პარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და ჩემი პროგნოზით ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება. დრო არ ითმენს, მთავრობამ სასწრაფოდ სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მმართველი გუნდიდან ბიზნესთან თანამშრომლობის არანაირი ინიციატივა არ მოდის. ძველი მთავრობა ყოველთვის მზად იყო იყო ინვესტორებთან შესახვედრად, ახალი მთავრობა კი არც ტელეფონის ზარებს პასუხობს და არც ელექტრონულ წერილებს."- აცხადებს „ბიზნესკურიერთან" ფადი ასლი.
ფადი ასლი ამბობს, რომ თურქი ინვესტორები, რომლებთან ძველ მთავრობასთან ენერგეტიკულ პროექტებზე მემორანდუმები უკვე გაფორმებულები ქონდათ, დღეს საქართველოთი აღარ ინტერესდებიან.
„მათ არ მოეწონათ განცხადება ელექტროენერგიის ტარიფების გაიაფებასთან დაკავშირებით, რადგანაც ინვესტიციების ამოგებას სწორედ იქედან გეგმავდნენ. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უკვე გადაწყვიტა პროექტი მაკედონიაში წამოიწყოს, რადგანაც დღეს იქ უკეთესი გარემოა. ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, მთავრობა მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს", - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.