სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არალიცენზირებულ ფრენებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისიდან 2 არალიცენზირებული ფრენა, 20 ივლისსა და 11 აგვისტოს, განხორციელდა.
სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ნებისმიერი აეროპორტიდან არალიცენზირებული რეისის შესრულება დაუშვებელია, თუ საქმე თვითმფრინავის გატაცებას და ტერორისტულ აქტს არ ეხება. გიორგი კოდუა ვერ აკონკრეტებს, თუ რა მიზნით ან რა მიზეზით შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არალიცენზირებული ფრენები, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებით საფრთხე ექნება სხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავებს და მით უფრო, მგზავრთა უსაფრთხოებას.
"უსაფრთხოების მხრივ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგანაც ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც საჰაერო ზონაში უნდა აფრინდეს უნდა იყოს კოორდინირებული ნავიგაციის დისპეჩერების მიერ. ეს კოორდინატები შემდგომ გადაეცემა ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც ამ დროისთვის ახდენენ ტრანზიტულ თუ არა ტრანზიტულ რეისებს. ეს კი საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს კოორდინირება და არ მოხდეს ვთქვათ საფრენი აპარატების შეჯახება ან სხვა სახის კატასტროფა. ნავიგაციის სამსახური შექმნილია იმისათვის, რომ აკონტროლებდეს ყველა საფრენი აპარატის კოორდინატებს, თუ სად იმყოფებიან ეს თვითმფრინავები, რათა ახალი მარშრუტები დაიგეგმოს ისე, რომ არ მოხდეს რეისების დაპირისპირება. ვთქვათ თუ რომელიმე საერთაშორისო ავიაკომპანია მოფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ემზადება დაჯდომისთვის და ამ დროს მოხდეს არალიცენზირებული აფრენა ხომ შეიძლება კატასტროფა მოხდეს?! მსოფლიოში არსად ასეთი ინციდენტი არ ხდება საქმე თუ არ გვაქვს ვთქვათ ტერორისტულ აქტთან თუ თვითმფრინავის გატაცებასთან. ყველა რეისი, რომელიც აეროპორტიდან აფრინდება უნდა იყოს ლიცენზირებული ანუ მასზე უნდა იყოს შესაბამისი ნებართვა", - აცხადებს გიორგი კოდუა.