ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ტურიზმის სააგენტოში ჩატარდა. მას რამდენიმე ათეული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ქუმსიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმი რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის სფეროს მომავალი წლის გეგმები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრის მოადგილემ ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტების გაგრძელების შესახებ.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, პროექტები გაგრძელდება, თუმცა ყოველი მათგანი ამჯერად გაზომილი იქნება როგორც თანხის, ისე შედეგების კუთხით.
ამასთან, ხელისუფლება ყველა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ტურიზმის სექტორთან. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც ტურიზმის სექტორში არსებული ვითარების განხილვა და მთლიანად ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მიღება იქნება. მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით სამინისტრო კერძო კომპანიებთან კონსულტაციებს გეგმავს.