ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ პროფკავშირებისა და „თელასის" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრი „თელასის" გაფიცული და მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობით დაინტერესდა და მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
მინისტრის ინიციატივით, შეიქმნება ერთობლივი კომისია, სადაც სამინისტროს, პროფკავშირებისა და „თელასის" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შევლენ. კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და სამსახურიდან დათხოვილი თითოეული ადამიანის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს. კომისია როგორც ზაფხულში, ასევე სექტემბერში დათხოვილი თანამშრომლების საქმეზე იმსჯელებს.
მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გასულ კვირას, კომპანია „ინტერ რაოს" წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც დასვა.
„სამინისტროს „თელასის" საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის უფლება არ აქვს. სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეასრულოს მედიატორის როლი კომპანიასა და ყოფილ თანამშრომლებს სორის, რომ საკითხი დროულად და ყველა მხარისათვის დადებითად გადაწყდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.