რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "MAP"-ის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია.
"ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია და არა მხოლოდ თეორიულად, თუმცა ამას ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება იმ ინსტრუმენტითაც შესაძლებელია, რომელიც ამჟამად საქართველოს გააჩნია.
"ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ფაქტობრივად სარკისებური კოპიაა. ჩვენ გვაქვს საშუალება ამ ინსტრუმენტის ფარგლებში შევბასრულოთ ყველა ვალდებულება, რითაც ნატოს დაუახლოვდებით", - განაცხადა იაკობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნატოში"MAP"-ის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობაზე დღესვე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ალექსანდრე ნალბანდოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, "არ არსებობს ნატოში შესვლის მხოლოდ ერთადერთი გზა". "არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ალიანსთან დაახლოვება შეიძლება. Aრანაირი ექსკლუზიური უფლება რომელიმე კონკრეტულ გზას არ გააჩნია" - განმარტა ნალბანდოვმა.