შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 26 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს სპიკერმოსამართლემ ეკა არეშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების - შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე", - განაცხადა არეშიძემ და განმარტა, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, მათი მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. განხორციელებული ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი, ასევე ბრალდებულთა წარსული საქმიანობა.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა", - განმარტა არეშიძემ და აღნიშნა, რომ შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება. აგრეთვე, - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ლელუაშვილს კი ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერა, კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვების, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კომპიუტერული პროგრამის, ასევე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აგრეთვე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.