გურჯაანში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" 50-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულთა შორის ძირითადად მონტიორები და ინკასატორები არიან. ისინი ხელფასების გაზრდას, კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გამოყენებას, წელიწადში ერთხელ შვებულებით სარგებლობას და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
„230 ლარია ხელფასი, მათხოვრული ანაზღაურება გვაქვს. შაბათსაც არ გვასვენებენ. შვებულება რა არის, საერთოდ აზრზე არ ვართ. დაზღვევას რაც შეეხება, 5 ლარად დაგვაზღვიეს. ამ თანხასაც ჩვენ ვიხდით. ეგ რა დაზღვევაა? არცერთი ექიმი არ გვიკარებს ახლოს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქციის მონაწილე ბიძინა ელიზბარაშვილმა.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებთან მოილაპარაკებს და ყველაფერს გაარკვევენ.
შეგახსენებთ, 2009 წლის იანვრიდან „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი" ფლობდა. ინვესტორს კომპანია ჩამოართვეს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა. კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა" და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" მიმართეს. ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. 2011 წლის ოქტომბერში, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მომრიგებელმა საბჭომ კომპანიის გაკოტრების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ლიტვურმა ინვესტორმა კომპანია „გრუპპა ახემამ" საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ვალების დაგროვება დაიწყო. ენერგეტიკის იმდროინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებდა, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუცია" მალე გაიყიდებოდა, რაც არ შესრულდა. კომპანიას ამ დრომდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული პირი მართავს.