,,ამ ოპერაციის მიზანია სამხედრო, საცეცხლე წერტილების განადგურება ჰამასის მხარეს და სამხრეთ ისრაელში მშვიდობის აღდგენა. როგორც კი ეს მიზანი მიიღწევა ისრაელი ოპერაციას შეწყვეტს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა და აღნიშნა, რომ ისრაელს კარგი დაზვერვა ჰყავს და ფლობს ინფორმაციას იმ ჭურვებისა და საცეცხლე წერტილების შესახებ, რომელიც ღაზას სექტორში ჰამასს გააჩნია.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდება ღაზას სექტორში ჰამასის ხელში საკმაოდ დიდი რაოდენობის ჭურვები, როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, იგი ირანის დახმარებით შემოდის ღაზას სექტორში.
,,რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდება ჭურვები ჰამასის ხელში, ირანიდან რასაკვირველია. ირანი რომელიც სინასა და ეგვიპტის გავლით აგზავნის ჭურვებს ღაზას სექტორში", _ განაცხადა იუვალ ფუქსმა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, ისრაელის არმია (ცახალი) წარმატებულად მოქმედებს. ოპერაციის დაწყების შემდეგ ცახალმა მნიშვნელოვანი წერტილოვანი დარტყმები განახორციელა.
ისრაელის არმია იტყობინება, რომ ყველა სამხადრო თვითმფრინავი, რომელიც სამიზნეების განადგურებაში მონაწილებდა წარმატებულად დაბრუნდა საკუთარ ბაზებზე. ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ განადგურებულია, "ჰამასის" შტაბ-ბინა, რომელშიც განთავსებული იყო ორგანიზაციის ტელეარხებისა და ინტერნეტ-საიტების სერვერები. ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობა 30-ს აღემატება. ათეულობით ადამიანი დაჭრილია.ისრაელის არმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანმა ღაზას სექტორი საკუთარ ბაზად აქცია, სადაც ტერორის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობას. მათივე განმარტებით, სამიზნეები, რომელზედაც ხორცილედება დარტყმები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოსთვის.