გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩადის. დღისით მისი და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაიმართება, საღამოს კი ორივე ლიდერი ბიზნესმენებისა და ექსპერტების რუსულ-გერმანული "პეტერბურგის ფორუმის" სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჯერ არასოდეს რუსეთისა და გერმანიის მოლაპარაკებები არ გამართულა ისეთ არასასიამოვნო ვითარებაში რაც დღეს არის. ამის მთავარი მიზეზი - რუსეთში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარებაა.
"შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბოლო დროს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგში პაუზა წარმოიშვა. დაასვლეთის აზრით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა რუსეთში 2012 წელს გაუარესდა. იქ კრიტიკულად აღიქვამენ კრემლის საქციელს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ, რიგ მიღებულ კანონს და თავად ფაქტს პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისა. ამ პირობებში პირადი ურთიერთობა კი არც ერთ მხარეს, როგორც ჩანს სიამოვნებას არ გვრის", _ წერს "ბი-ბი-სი".
აღსანიშნავია, რომ მერკელის მოსკოვში ვიზიტამდე ოთხი დღით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვერტერველემ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით რუსეთთან "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კრიტიკული დიალოგის წარმოებისა".
"პარტნიორობა არ ნიშნავს კრიტიკაზე უარის თქმას. ჩვენ ყურადღებით გავადევნებთ თვალს იმას თუ რა მოხდება რუსეთში უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში. ჩვენი ხედვით, რუსეთთან პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება ღია კრიტიკული დიალოგის წარმოებას', _ წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
9 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციი გაკრიტიკებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბუნდესტაგი დიდი სიხარულით არ შეხვედრია ვლადმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტებასაც. "პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუსეთისა და გერმანიის მოლაპარაკებები ასეთ არასასიამოვნო ფონზე იმართება",_ წერს "კომერსანტი". ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ასეთ ნერვულ რეაქციას გერმანელებისგან მოსკოვში არ ელოდნენ. ამავე დროს გერმანიის კანცლერის მოსკოვში ვიზიტი იმ დროს როდესაც სხვა დასავლელი ლიდერები მასთან შეხვედრას არ ჩქარობენ მოწმობს იმას, რომ გერმანია მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭებას არ აპირებს. ეს რომ ასე მოხდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს, უგო ჩავესისა, ბაშარ ასადის გარდა რუსეთს მსოფლიოში მეგობარი აღარ დარჩება.