საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, კიდევ ერთხელ ყურადღებით განიხილოს ბ.ახალაიას სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი და ყველა ღონისძიება გაატაროს ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებული ბაჩანა ახალაია, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში გადმოყვანილი იქნა გლდანის N8 დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, საღამოს საათებში. ბ.ახალაია განთავსებულია სრულიად განცალკევებით სხვა პატიმრებისგან. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან, რომ N7 დაწესებულებაში ბ.ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება.
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბ.ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 14 ნოემბრამდე ბ.ახალაია ორჯერ მოინახულეს - 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, როცა ბ.ახალაია გადაყვანილ იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში. ორივე ჯერზე ბრალდებულმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე.