2012 წლის 14 ნოემბერს, ბრალდებული ბაჩანა ახალაია, #8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან #7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, ბრალდებულის ეტაპირება მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა.
#7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასჯელს 35 პატიმარი იხდის, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოთავსებულია ოთხ ადგილიან საკანში. ამასთანავე, სივრცე სრულიად იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან, რათა ბრალდებულმა თავისუფლად და უსაფრთხოდ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული გასეირნების უფლება. მისი უსაფრთხოება, 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილია დაცვისა და სათვალთვალო კამერების საშუალებით.
ბრალდებულის მონახულების საშუალება აქვთ სამუშაო საათებში ადვოკატებს, ხოლო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სახალხო დამცველის აპარატის და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს.