დღეს, 14 ნოემბერს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს "მწვანე ალტერნატივას" სარჩელის განხილვას. "მწვანე ალტერნატივა" ითხოვს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქმე ეხება გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემულ ბრძანებას, რომლითაც მდინარე თერგზე "დარიალი ჰესის" მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. გარემოს დაცვის სამინიტრომ არ უზრუნველყო "მწვანე ალტერნატივას" ჩართვა ჰესის მშენებლობის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ჰესის მშენებლობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ტერიტორიის (2.64 ჰა) გამოყენებას.
"დარიალი ჰესის" პროექტი ითვალისწინებს 11-კილომეტრიანი ხეობის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარე თერგის წყლის 90 პროცენტის სადერივაციო მილში, ხოლო შემდეგ სადერივაციო გვირაბში გადაგდებას. ამგვარად განხორციელებული პროექტი რადიკალურად შეცვლის ხეობის ლანდშაფტს და გამოიწვევს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული და ტურისტული ფასეულობის დაკარგვას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას. დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110-მეგავატიანი "დარიალი ჰესის" მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში კომპანია "დარიალ ენერჯიმ" დაიწყო. მშენებლობა 2014 წლის 19 მაისს უნდა დასრულდეს. პროექტი საქართველოს მთავრობასა და "დარიალ ენერჯის" შორის 2011 წლის 19 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.