სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის კომპანიებს მხოლოდ ერთ ბაზარზე "ჩამოკიდებას" არ ურჩევს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა, თუკი მოხერხდება და ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შევა, არ შეიძლება, რომ მეწარმეები მხოლოდ ერთ ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი.
მინისტრის თქმით, ღვინის კომპანიებმა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ და ღვინის რეალიზაციისთვის ახალი ბაზრებიც აითვისონ.
"არ შეიძლება ჩამოკიდება მხოლოდ ერთ ბაზარზე, ეს იყო შეცდომა ზოგიერთი მწარმოებლის მიერ, რომლებიც ალტერნატივას არ ეძებდნენ. იყვნენ საწარმოები, რომლებიც 400 ათას ბოთლს ყიდიდნენ თვეში, ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ბაზარზე 100 ათას ბოთლზედაც არ ვართ ასულები. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და რაც არ უნდა სარისკო იყოს რუსეთის ბაზარი, ის ძალიან საინტერესო ბაზარია", - განმარტავს კირვალიძე.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა, ორი ქვეყნის ურთიერთობა ამ მიმართულებით უფრო ინტენსიური გახდა.
"მოგეხსენებათ, გენადი ონიშენკოს მხრიდან რამდენიმე ზეპირი განცხადება გაკეთდა მზადყოფნაზე. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ მზად ვართ მივიღოთ და ბიზნესმაც გამოხატა თავისი პოზიცია. მერე იქიდან იყო კითხვა, რომ ჩვენ ხელს ხომ არ შევუშლით ამ პროცესებს. ხელს კი არ შევუშლით, პირიქით ყველანაირად მივეხმარებით მათ, რადგანაც რუსეთის ბაზარი არის ის ბაზარი, სადაც შესვლა ყველას სურს", - განაცხადა კირვალიძემ.