თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"თბილისის მერია ხვალიდან ქალაქში ავტობუსების მოძრაობის აღდგენას მიესალმება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ თბილისელებმა შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ.
თბილისის მერია, გაფიცვის დაწყებიდან დღემდე მზად იყო, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე, დროულად გადაჭრილიყო ყველა ის საკითხი, რასაც გაფიცული მძღოლები ითხოვდნენ.
ვინდა განვაცხადოთ, რომ ამ მიზნით ძალაში რჩება თბილისის მერიის ოფიციალური შეთავაზება, სატრანსპორტო კომპანიის 100%-იანი წილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცეს. თუმცა გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამის საპასუხოდ მინისტრის სახელით დღეს გავრცელებულ განცხადებაში ბევრი იურიდიული ხასიათის უზუსტობაა. კერძოდ,
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად ქ. თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებაა ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, მართვა და რეგულირება.
ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენა, ხოლო ამავე კანონის 231 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა უზრუნველყოფს მხოლოდ მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, ასევე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენასa და დამტკიცებას.
როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, არცერთ კანონში არ არის პირდაპირ მითითებული და არც არსებული ნორმები იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას თითქოს, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანა უნდა განხორციელდეს უშუალოდ ქ. თბილისის მერიის ორგანოების მიერ ან/და მისი 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს მიერ. ამასთან, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა სანებართვო საქმიანობაა და შესაბამისად, ის შეიძლება განახორციელოს ნებართვის მფლობელმა ნებისმიერმა პირმა, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა და მესაკუთრისა.
ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილში არ არის მითითებული არც ერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც სახელმწიფოს უკრძალავს საკუთრებაში ჰქონდეს საწარმო, რომელიც ახორციელებს საქალაქო სამგზავრო გადაყვანას. შესაბამისად, სამინისტროს უარის მხოლოდ სამართლებრივი ასპექტით ახსნა, არასწორია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სამინისტროს მითითება იმ ნორმაზე, რომლის თანახმად ,,დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას."
ჩვენი მხრიდან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ქ. თბილისის მერია ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, ორგანიზება გაუკეთოს ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის პროცესს, კერძოდ, დაადგინოს ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები, განსაზღვროს მომსახურების გაწევის სანებართვო პირობები.
ამასთანავე, მივესალმებით საკითხის განხილვას ,,შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის" მიერ და გამოვთქვამთ მზადყოფნას ჩავერთოთ საკითხის გადაწყვეტის პროცესში ამ კომისიის ფარგლებში, იმისათვის რომ დაცული იყოს, როგორც მძღოლების, ასევე მთლიანად თბილისის მოსახლეობის ინტერესები".