გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ორი მცირეწლოვანი შვილის დედა კახეთის პოლიციას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ლია ჯანელიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გუშინ, სახლში პოლიციის თანამშრომლები შეუვარდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
„ყველაფერი გადააბრუნეს. თავიდან არც მოწმეები მოიყვანეს. ბავშვების ტირილზე მეზობლები შეიკრიბნენ. მერე ჩამსვეს მანქანაში და თელავის პოლიციაში წამიყვანეს. გზაში მემუქრებოდნენ, თუ არ აღიარებ რომ მარიხუანა გაქვს, გაგაშიშვლებთ, სურათებს გადაგიღებთ და ბავშვებსაც ჩამოგართმევთო. პოლიციიდან ღამის 10 საათზე გამომაგდეს, წადი ახლა, წაეთრიეო. არც ფული მქონდა თან. ნახევარი გზა თელავიდან ვაზისუბნამდე ფეხით ვიარე. მოვითხოვ, რომ გაარკვიონ, რას მერჩიან, ბავშვებთან ერთად რატომ დამაწიოკეს", - აღნიშნა ლია ჯანელიძემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად შს სამინისტროს პრესსამსახურს ვერ დაუკავშირდა. პრესსამსახურის ახალი უფროსი ნინო გიორგობიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.