დღეს, 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასამართლო თამარ კაიკაციშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 5 ნოემბერს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ "ახალი ტალღის" წინააღმდეგ მოსარჩელე თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბერს გამოცხადდება.
სასამართლოს წინაშე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა მორიგების აქტის იმ პროექტზე, რომელიც კოლეჯმა წარმოადგინა. კერძოდ, თუკი ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი საქმის მიმართ სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების შესახებ ერთჯერადი განცხადების გარდა, საჯაროდ, მედიაში რაიმე პოზიციას გამოხატავდა, აზრს დააფიქსირებდა, კოლეჯის სასარგებლოდ 20 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. არჩილ კაიკაციშვილმა ასეთი პირობა მორიგების ჩაშლის მცდელობად მიიჩნია და სასამართლოს აცნობა, რომ გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო მორიგების აქტს ხელს არ მოაწერდა.
სასამართლომ 5 ნოემბერს სხდომა მოწმეთა დაკითხვით განაახლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გააძევეს კოლეჯის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჭაბუკი ვერულიძე. სასამართლომ პროცესის ბოლო ეტაპზე დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის მოთხოვნა და საქმეში არსებული აუდიო-ჩანაწერები მტკიცებულებად არ მიიჩნია, რასაც მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა. მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ სწორედ მოპასუხე მხარის შესაგებელი სარჩელი უნდა ყოფილიყო აღნიშნული აუდიო-მტკიცებულებების მნიშვნელობის თვალსაჩინო მაგალითი, რადგანაც საზოგადოებრივმა კოლეჯმა საკუთარი დაცვა აუდიო-მტკიცებულებების საპასუხოდ შეადგინა და მხარეს მისი ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თამარ კაიკაციშვილის საქმის განხილვა 6 სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქმეზე სულ ოთხი სხდომა მომზადდა და სამი მოსამართლე შეიცვალა. მოსარჩელემ მოპასუხეს სასამართლომდე და სასამართლომ მიმდინარე პროცესების მანძილზე, საზოგადოებრივ კოლეჯს ოთხჯერ შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება, თუმცა მხარე არც ერთხელ არ აღმოჩნდა მზად მორიგების გადაწყვეტილება მიეღო.
თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა. როგორც ცნობილია, მოსარჩელის ბიძა, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ასევე, გათავისუფლებულის ძმა, არჩილ კაიკაციშვილი უფლებადაცვით სფეროში ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს," რომელმაც არაერთი ხმაურიანი ბრიფინგი გამართა განათლების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილ პედაგოგებზე და სისტემის მანკიერ მხარეებზე. დირექტორის ყოფილი მოადგილის პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ოთხი აუდიო ჩანაწერი კოლეჯის მოქმედ დირექტორსა და ყოფილ მოადგილეს შორის, სადაც დავით მჭედლიშვილი თამარ კაიკაციშვილს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებზე ესაუბრება.
თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმე იქცა რეზონანსულად და ადვოკატის მხრიდან გაცნობილი საქართველოში არასამთავრობო სექტორის, საერთოშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოების მიმართ. საქმეს სწავლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უწყებათაშორისი კომისია, ადვოკატთა ასოციაცია, თავისუფალ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაც, რომელიც თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნიადაგზე უწოდებს. საზოგადოებამ იხილა გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებაც, რომელიც მოსარჩელე ხმარეს საჩივრის გაგზავნას ჟენევის სათაო ოფისში სთავაზობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თამარ კაიაკციშვილის გათავისუფლებას უწოდა უკანონო, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოების ყველა სტადიაზე მონიტორინგი განახორციელა. საქმისწარმოების მონიტორინგი აწარმოეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმეზე მომზადდა სპეციალური გაზეთი „ღირსების საქმე," რომელიც ქობულეთის მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდა. გაზეთის გამო კოლეჯში სტუდენტთა ერთი ნაწილისა და დირექტორის მხარდამჭერი პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ საჯაროდ დაწვეს თამარ კაიკაციშვილის სურათი და გაზეთი, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა კი მომხდარს კოლეჯში დემოკრატიული პროცესების დაწყება უწოდა და მხარეს დებატების გამართვა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა.