„ქართული ოცნება" თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად 51 წლის ზურაბ ყურაშვილს წარადგენს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა განუცხადა.
ზურაბ ყურაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების" თელავის შტაბს ხელმძღვანელობდა.
პროფესიით ავტოინჟინერი ზურაბ ყურაშვილი თელავის რაიონის სოფელ იყალთოდან არის. ის 2004 წლიდან ტელეკომპანია „გლობალ ტივიში" აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, მოგვიანებით იყო „გლობალ ტივის" ტექნიკური დირექტორი, შემდეგ კი გენერალური დირექტორი. მანამდე, ზურაბ ყურაშვილი მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომარაგების განყოფილების გამგის მოადგილედ და სამეურნეო ნაწილის უფროსად. იყო „ავტობაზა ტურისტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. ასევე სასტუმრო „ბახტრიონის" გენერალური დირექტორი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 ნომბერს დაწერა. მან თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლების ცვლილება დაასახელა. ნუგზარ ხუცაიძის განცხადებით, ახალ მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას ვერ შეძლებს.
წინასაარჩევნოდ, 2012 წლის ივლისში ზურაბ ყურაშვილსა და კახეთის გუბერნატორის ახლანდელ მოადგილეს გიორგი ბოტკოველს შორის ინციდენტი მოხდა. ზურაბ ყურაშვილს, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მოსანახულებლად იყალთოში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს ახლდა, გიორგი ბოტკოველმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „შენ რა გაგიკეთებია, იყალთოში გიცნობს ვინმე საერთოდ? კაცი მაინც იყო, კაცი, წადი იკითხე, შენს სოფელში იკითხე შენი სახელი, არაკაცო შენ. ჰა, ეხლა გაგახსენდა იყალთო, კურდღელაური და თელავი? აქამდე არ იყავი თელაველი?", - მიმართა ბოტკოველმა ყურაშვილს.