საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა, მთავარ პროკურატურასთან, სადაც დაკითხვაზე მყოფი ბაჩო ახალაიას დაკავება მოხდა, განაცხადა, რომ ახალაიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს იყო სრული ფარსი.
"ამდენი ხანია, ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ ის იყო კორუმპირებული, რომ ის აწამებდა ადამიანებს, კლავდა და ხვრეტდა ადამიანებს. ძალიან კარგად დავინახეთ რა ბრალდებაა. ამდენი ხანია, ისინი საუბრობენ, რომ ბაჩო ახალაია არის მშიშარა და გაქცეული. გუშინ დადასტურდა, რომ ის არის ძალიან თამამი, გულადი. პირველ რიგში, მართალი ადამიანი. არც ერთი კითხვის არ ეშინია", - განაცხადა მინაშვილმა.
შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათზე დაიბარეს. 4-საათიანი დაკითხვის დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს. მისი ადვოკატის დავით დეკანოძის თქმით, ბაჩანა ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს. თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.