კომპანია „ალტა" საქართველოში უკვე „Samsung"-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი ხდება. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" 7 ნოემბერს, 11:00 საათზე მოეწერება ხელი. მემორანდუმის გაფორმება „ალტასთვის" საიუბილეო თარიღს დაემთხვა, კომპანიას მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა.
მემორანდუმის ხელმოსაწერად საქართველოში ჩამოვიდა „Samsung"-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი - სანგ პილ ჩანი. დღეიდან „ალტას" მაღაზიათა ქსელში შეძენილი „Samsung"-ის სმარტფონები აღჭურვილი იქნება უნიკალური სერვისებით. სწორედ ასეთი სერვისია „საქართველოს სანავიგაციო რუკა".
მსოფლიოში უკვე მრავალი წლის წინ აპრობირებული სანავიგაციო სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენთან კი დღემდე სიახლეს წარმოადგენს. პირველად საქართველოში „ალტაში" შეძენილ მაღალი კლასის „Samsung"-ის სმარტფონებზე მომხმარებელი მიიღებს საქართველოს სანავიგაციო 3D რუკას ანდროიდის ბაზაზე, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ქუჩების, შენობების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ, როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი ადგილსამყოფელის ნახვა და სასურველი დანიშნულების წერტილამდე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა. 8 ნოემბრიდან „ალტას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ „Samsung"-ის სმარტფონების 11 მოდელზე იქნება საქართველოს სანავიგაციო 3D რუკა. ერთ-ერთი ესეთი მოდელის სმარტფონი პრესკონფერენციის დროს მედიისთვის საჩუქრად გათამაშდება.
„Samsung"-თან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ შევძელით მოგვეპოვებინა „Samsung"-ის ნდობა, ვინაიდან საქართველოსთვის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გვითქვამს უარი აღებულ ვალდებულებებზე. ახლა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რაც სიმბოლურად ჩვენი 15 წლის იუბილეს დაემთხვა. „Samsung"-თან სმარტფონების მიმართულებით თანამშრომლობა კი საშუალებას მოგვცემს ჩვენი მომხმარებელი მუდმივად გავანებივროთ უნიკალური სერვისებით, ამასთან ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება „Samsung"-ის უახლესი სმარტფონების ყველაზე დიდი არჩევანი. პირველ ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზებთ 3D უნიკალურ სანავიგაციო სისტემას ანდროიდზე, სადაც იქნება საქართველოს დეტალური რუკა, რომელიც არ ჩამოუვარდება უცხოურ სანავიგაციო რუკებს. ამ მომსახურებას მომხმარებელი მიიღებს ალტაში „Samsung"-ის სმარტფონების ახალ მოდელებზე - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე, კომპანია „ალტას" დირექტორი.
„Samsung"-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, „Samsung"-ისა და „ალტას" თანამშრომლობა უკვე 8 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში „ალტამ" შეძლო მოეპოვებინა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველი გახდა. „კომპიუტერებისა და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია "ალტა" უკვე მე-8 წელია „Samsung"-ის IT პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორია და ამასთან ოფიციალურ საგარანტიო სერვისს ახორციელებს. თანამშრომლობის ამ საფეხურზე კი „ალტას" მაღაზიათა ქსელის საშუალებით მომხმარებელს უკვე ჩვენს მიერ წარმოებულ სმარტფონებსაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი ჩვენს პროდუქტებს და ერთობლივ შეთავაზებებს ისევე მაღალ დონეზე შეაფასებს, როგორც ადრე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოში საიმედო პარტნიორების წყალობით სულ უფრო მყარი და ფართომასშტაბიანი ხდება - აცხადებს კომპანია „სამსუნგის" კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი - სანგ პილ ჩანი.