2013 წლიდან "დაუბეგრავი მინიმუმის" ცნება იქნება შემოღებული, რაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 800 ლარს შეადგენს.
როგორც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის თანამდევი საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რითაც 2013 წლიდან შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 800 ლარს შეადგენს.
აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6000 ლარს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება არ მოახდენს უარყოფით გავლენას 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წლის განმავლობაში მოხდება ყველა დაქირავებული ფიზიკური პირის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ხოლო ფისკალური წლის დასრულების შემდგომ წელს იმ პირებს, ვინც ისარგებლებენ აღნიშნული საგადასახადო შეღავათით დაუბრუნდებათ კუთვნილი თანხა, შესაბამისად, ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან გამოიწვევს.