ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა კეტი ჯულიანთან შეხვედრაზე ქვეყნის ახალი პარტნიორობის სტრატეგიაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ აზიის განვითარების ბანკი მოქმედების არეალს აფართოებს და საქართველოში მუშაობას უფრო აქტიურად გააგრძელებს. ''განხორციელდება ეკონომიკის სექტორული კვლევა და დასრულდება არსებული ურბანული და ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს ახალი მთავრობა კერძო სექტორთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს'' - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2007 წლიდან ჩვენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში ვართ ჩართულნი. სამინისტროში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2013-2017 წლების ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიაზე. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ" - განაცხადა კეტი ჯულიანმა. ახალი პარტნიორობის სტრატეგია 2013 წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.