"საუბრობდნენ, რომ ვმონაწილეობდი ციხის მოვლენებთან დაკავშირებით და ახლა უნდა დაადასტურონ. არსადაც არ გავრბივარ. აქ ვარ და სადაც დამიძახებენ. იქ მივალ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეკითხვას გავცემ პასუხს", -განაცხადა შსს ყოფილმა მინისტრმა "რუსთავი-2"-თან საუბარში წაყენებული ბრალდებების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და თავდაცვის მინისტრი გახდა, ციხეებთან შეხება არ ჰქონია.
"თავდაცვის სამინისტროში როცა ვიყავი, მერწმუნეთ, არათუ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ საკუთარი თავისთვის არ მრჩებოდა დრო. თავისთავად არც კანონი იძლეოდა ამის არანაირ საშუალებას", -განაცხადა ახალაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტი შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დატოვა.
"ჩემი ერთგვარი პასუხისმგებლობა იყო იმ მომენტში, რადგან არჩევნებამდე ცოტა დრო რჩებოდა, არ იყო სიმართლისა და რეალობის გარკვევის მდგომარეობა და ჩემი მხრიდან ნებისმიერი სხვა ქმედება არასწორი იქნებოდა. გადაწყვეტილება წმინდა წყლის პოლიტიკური იყო, რადგან ქვეყანაში დუღილის ტემპერატურა აწეული იყო და ზედმეტი ფაქტორები არ უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრის სურვილი არსებობდა, რომ არჩევნები ასე მშვიდობიანად არ ჩატარებულიყო", _ განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.