თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბერს ამავე სასამართლოში მომხდარი ინციდნეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"2012 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დასწრების მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი ვლადიმერ არევაძე ეწვია. სასამართლოს ცენტრალურ შემოსასვლელთან მანდატურებმა მოქალაქე არევაძეს სასამართლოს შინაგანაწესით გაწერილი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შემოწმების გავლა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც ამ უკანასკნლემა უარი განაცხადა. არაერთგზის მოწოდების მიუხედავად ვლადიმერ არევაძე არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მანდატურებმა მოქალაქეს დაატოვებინეს სასამართლოს შენობა. საქმის განმხილველი მოსამართლის ნებართვით, მოქალაქე ვლადიმერ არევაძე დაშვებულ იქნა სასამართლო პროცესზე და გაემართა სხდომის დარბაზისაკენ, სადაც მას უნდა გაევლო შემოწმება და ჩაებარებინა ტელეფონი. თუმცა, მოქალაქე ამჯერადაც არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია მას, ამასთანავე სიტყვიერად შეურაცხყოფდა მანდატურებსა და სასამართლოს, რაც დასტურდება თვითმხილველთა ჩვენებებით.
ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით მანდატურებმა მიმართეს კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და მიუხედავად ფიზიკური წინააღმდეგობისა, დააკავეს მოქალაქე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია მისი ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების მიზნით. ალკოტესტის მონაცემებით დადასტურდა რომ მოქალაქე ვლადიმერ არევაძე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით ვლადიმერ არევაძე სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. განკარგულება არ საჩივრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას თავი შეიკავონ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი."