მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს არ გამოეყოფა. მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ გაძლიერებული ფუნქციითა და დამოუკიდებლობის გარანტიით, პროკურატურა იუსტიციის შემდაგენლობაში დარჩება. კანონპროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის უფლებები პროკურატურის სასარგებლოდ შეიზღუდება. იუსტიციის მინისტრი მთლიანად იხსნის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებას და პროკურორების დანიშვნას, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებს სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების ფუნქციას .
ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავარ პროკურორს, პრემიერის წარდგენით, ნდობას უცხადებს პარლამენტი.
"ის თავად განსაზღვრავს სტრუქტურის შიგნით, რომელი საქმის გამოძიებაა პრიორიტეტული, რა მიმართულებით უნდა წარიმიმართოს სისხლის სამართლებრივი დევნა ისე, რომ თან გამომძიებელს ჰქონდეს რეალური მუშაობის საშუალება. მთავარი პროკურორი განსაზღვრავს საკადრო ცვლილებებს. მთავარი პროკურორი ამ კანონის თანახმად იქნება ის ადამიანი, ვინც ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და არ ინაწილებს ამ ფუნქციას იუსტიციის მინისტრთან", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.