რამდენიმე თვის წინ დაღუპული სოსო ქიმერიძის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან ქიმერიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი არ ენდობიან ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას და მიაჩნიათ, რომ ის მოკლულია.
ქიმერიძის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ხაშურის პოლიციის თანამშრომლის სუთიაშვილის ოჯახშიც მივიდნენ. გარდაცვლილის ოჯახი მას ზეწოლაში ადანაშაულებს. იმავე ბრალდებას ქიმერიძეები კიდევ რამდენიმე თანასოფლელს უყენებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სოსო ქიმერიძე 27 თებერვალს სამართალდამცავებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. მასთან კითხვები სოფელში მომხდარ ერთ-ერთ ძარცვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ ის ხაშურის პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდა და ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.